საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარი წერეთელი: „მთავარია, მაღალი თამასიდან ვუყუროთ ჟურნალისტურ საქმიანობას,  ვუერთგულოთ პროფესიულ პრინციპებს  და  მივაღწიოთ  პროფესიონალიზმს“

როგორ შეიცვალა ჟურნალისტიკის არსი ბოლო პერიოდის განმავლობაში, რა არის ის მთავარი პრინციპები და ღირებულებები, რითაც ყველა ჟურნალისტმა უნდა იხელმძღვანელოს, რა კავშირი იკვეთება გასული საუკუნეების და თანამედროვე მედიაგარემოს შორის - ეს არის კითხვები, რომლებითაც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებულ პროფესორთან მარი წერეთელთან სასაუბროდ მივედით. თუმცა საუბარი, თავდაპირველად, მაინც პროფესიული არჩევანით დავიწყეთ. 

აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში სწორედ პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში მიღებულმა გამოცდილებამ გადააწყვეტინა მარი წერეთელს მეცნიერებაში წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო საქმიანობის მიმართ მისი ინტერესი სათავეს ჯერ კიდევ სტუდენტობიდან იღებს, პროფესიული განვითარების პირველ წლებში უპირატესობა მაინც პრაქტიკულ ჟურნალისტიკას მიანიჭა. თუმცა, წლების გასვლასთან ერთად პრიორიტეტებიც შეიცვალა და აქტიური ჟურნალისტიკა სამეცნიერო-კვლევითმა და პედაგოგიურმა საქმიანობამ ჩაანაცვლა. დღეს ჟურნალისტიკის გარშემო არსებული, საზოგადოებისთვის საინტერესო, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის კვლევით არის დაკავებული, პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს მომავალ თაობებს.

სანამ თსუ-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ ვისაუბრებდით, მარი წერეთელი იმ მიზეზებსა და გარემოებებზე მოგვიყვა, რამაც თავის დროზე მისი პროფესიული არჩევანი განსაზღვრა.

ჟურნალისტიკისათვის დამახასიათებელი  იდეალებისკენ სწრაფვა, ცოცხალ პროცესებში მონაწილეობა, სიახლის ძიება, მუდმივად ადამიანებთან კომუნიკაცია - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რომლებიც მარი წერეთლისთვის ჟურნალისტიკას უფრო მეტად მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის და რის გამოც ეს პროფესია აირჩია. როგორც ამბობს, მისი არჩევანი თავიდანვე გააზრებული,შეგნებული იყო და ეს გადაწყვეტილება დღესაც სწორად  მიაჩნია.

„ზოგადად, ჟურნალისტიკას ირჩევენ ამ პროფესიის მიმართ რომანტიული განწყობების გამო და ხშირად ამ ასაკში პროფესიის სირთულე გაცნობიერებული არ არის. ყოველთვის ვგრძნობდი ამ საქმის გამორჩეულობას, მიყვარდა წერაც. ჟურნალისტიკა პიროვნულად გზრდის, გაძლიერებს, სხვაგვარად გახედებს პროცესების მიმდინარეობაში, გაცნობს ადამიანებს, თანდათან სიძნელეების აღქმა ხდება გაცილებით უფრო ფილოსოფიური, მიზნები და ამოცანები კი უფრო ღრმა და რთული. ეს ყველაფერი კი ყოველდღიური ერთფეროვნებისგან გიცავს. ეს არის მიკროსამყარო, სადაც  მუდმივად სიახლეებითა და საინტერესო ადამიანებით ხარ გარშემორტყმული,“- ამბობს მარი წერეთელი.

ჟურნალისტური საქმიანობა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო,  როდესაც საქართველოს ტელევიზიაში გაიარა სასწავლო პრაქტიკა და სამაუწყებლო მედიით დაინტერესდა  უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ეს ინტერესი გატაცება მისთვის ყოველდღიურ საქმიანობად იქცა, როდესაც აქცია და უნივერსიტეტის პედაგოგების რეკომენდაციით, საქართველოს რადიოს მხატვრულ გადაცემათა რედაქციაში დაიწყო მუშაობა. მკვლევარი ამ პერიოდს განსაკუთრებული სიამაყით იხსენებს და თვლის, რომ პროფესიული ზრდა მისთვის  აქედან დაიწყო. 

მუშაობის პროცესში ჰქონდა შესაძლებლობა, პირადად გაცნობოდა ბევრ საინტერესო, გამორჩეულ ხელოვანს    და გადაცემები მოემზადებინა ქართული  მწერლობის იმ  კლასიკოსების შესახებ, ვინც  მაშინ მოღვაწეობდა  და  ვინც  ასე ძვირფასია ჩვენთვის. მათ შორის არიან: მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, ოთარ ჭილაძე, ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი,  და სხვები. ამასთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესები, ე.წ. გარდაქმნის პერიოდი, პრაქტიკულ ჟურნალისტურ საქმიანობას მეტ სირთულეს სძენდა, თუმცა გაცილებით უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდიდა. მარი წერეთელი ამ პერიოდს „ნამდვილი ჟურნალისტიკის ხანას“ უწოდებს, როდესაც მედია თავისუფლდებოდა, შესაძლებელი ხდებოდა შეზღუდვების გარღვევა და ტაბუირებულ თემებზე ხმამაღლა საუბარი.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კვლადაკვალ მარი წერეთლისა და მისი კოლეგების ინიციატივით, ქართულ მედიასივრცეში შეიქმნა ახალი რადიოპროგრამა „დროება“,  რომელიც იმ დროის სოციალურ-პოლიტიკურ თუ კულტურულ პროცესებს ზედმიწევნით ასახავდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. როგორც აღნიშნავს, ამ პერიოდის ჟურნალისტიკამ დიდწილად განსაზღვრა შემდგომი მოვლენები და მედიის ის მთავარი იდეალები, რომლისთვისაც ზოგადად, ჟურნალისტიკა უნდა არსებობდეს.

„მთავარი იდეალები იმ პერიოდისთვის არის ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა, ანტიკომუნისტური დისკურსი და ეს ყველაფერი შეიძლება გავიაზროთ როგორც ,,დროის ნიშანი“.ასეთი ნიშანი ყველა პერიოდის ჟურნალისტიკას ახასიათებს. ეს იყო ახალი ეტაპი ჟურნალისტიკაში. მუშაობა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, რადგან მარტივი არ იყო გაბატონებული იდეოლოგიური სტერეოტიპებისა და კლიშეების რღვევა. თუმცა, მუდმივად ვცდილობდით, ამ პროცესში ჩვენი წვლილი შეგვეტანა  და ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში ვყოფილიყავით. ვაშუქებდით როგორც ქვეყნის  გარეთ მიმდინარე პროცესებს, ასევე, ვცდილობდით, ქართულ კულტურულ სივრცეში იქამდე აკრძალული მოღვაწეები დაგვებრუნებინა. აქტიურად განვიხილავდით 9 აპრილის წინარე და შემდგომ მოვლენებს. მიკროფონს ვუთმობდით ყველა იმდროინდელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს. გამოცოცხლებული მედიაგარემო დიდ ენერგიას გვაძლევდა, ამ პროფესიას მუდმივად სჭირდება თავისუფალი სააზროვნო  სივრცე და გარკვეული აზარტული დამოკიდებულება. ჩვენთვის სასიხარულო იყო, რომ 1990 წლის 26 მაისს „დროება“ წლის საუკეთესო გადაცემად გამოცხადდა,“ - იხსენებს მარი წერეთელი.

წლების განმავლობაში პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობამ მეცნიერებისადმი ინტერესი განაპირობა და კვლევითი საქმიანობა მისთვის მთავარ პრიორიტეტად აქცია. კვლევისა და პრაქტიკული ჟურნალისტიკის ერთმანეთთან შეთავსება რთული აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აქტიური ჟურნალისტიკიდან წასულიყო და მთელი ენერგია მეცნიერებისა და პედაგოგიური საქმიანობისაკენ მიემართა.

სხვადასხვა დროს იყო გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის სწავლული მდივანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ჟურნალისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უკვე 1996 წლიდან დღემდე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე მოღვაწეობს. მარი წერეთლის სამეცნიერო ინტერესის საგანია ქართული ჟურნალისტიკის წარსული და თანამედროვეობასთან მისი კავშირის კვლევა. მისი თქმით, ეს კავშირი თვალსაჩინოა. მაგალითად, დღეს ქართული მედიისთვის დამახასიათებელი პლურალიზმი დაბრუნებაა იმ ორგანულ ნიადაგთან, რომელიც არსებობდა მე-19 საუკუნის ქართულ პრესაში, და  მოგვიანებით თვალნათლივ გამოიხატა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის,  1918-1921 წლების ქართულ ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებები, დამოუკიდებელი სასამართლო, სხვა დემოკრატიული ღირებულებები ორგანული იყო ქართული ჟურნალისტიკისათვის და განვითარების ეს სწორი ხაზი 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმის პირობებში გაწყდა. მეცნიერის თქმით, ამ წყვეტის შედეგებს ქართული ჟურნალისტიკა დღემდე იმკის.

„მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეები ქართულ ჟურნალისტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. სწორედ აქ ჩნდება ის ძირითადი პროცესები, რომლებიც მედიის განვითარების ტენდენციებს და მთავარ მაგისტრალურ გზას გამოკვეთს. ეს მაგისტრალური გზა კი წარსულსა და თანამედროვეობას აერთიანებს. ქართული ჟურნალისტიკის წარსული თანამედროვეობის კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა. იმ პერიოდის გამოცდილება გვასწავლის, როგორ უნდა ვიმუშაოთ, რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი აზროვნება, როგორ უნდა ვუყურებდეთ ჩვენს პროფესიას. წარსულიდან სწორედ ამ ყველაფრის ცოდნა და გააზრება მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნავს მარი წერეთელი.

ჟურნალისტიკის ისტორიის საკითხების კვლევასთან ერთად, მისთვის საინტერესოა ქართულ ჟურნალისტიკაში ევროპული ტენდენციების კვლევა, ქართული და უცხოური მედიატექსტების ინტერპრეტაციია და ისტორიულ-შედარებითი ანალიზის მეთოდის მოშველიებით შესწავლა. ბოლო წლებში მიმდინარე პროექტებიდან კი განსაკუთრებით გამოყოფს ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიაზე მუშაობის პროცესს, სადაც მარი წერეთელი პერიოდული გამოცემების კვლევის კუთხით არის ჩართული.

„ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოვიდა ილია ჭავჭავაძის ენციკლოპედიის პირველი ნაწილი - სიტყვანი. ახლა მზადდება მეორე წიგნიც. ზოგადად, ასეთი ტიპის პერსონალური ენციკლოპედიები ძალიან მნიშვნელოვანია, თავს უყრის ავტორის შემოქმედებას, გვაცნობს მას და საინტერესოა კულტურული მემკვიდრეობის გააზრების თვალსაზრისითაც. ასეთ ენციკლოპედიაში ძალიან კარგად ჩანს ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-კულტურული გარემო, რომელშიც ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა,“ - აღნიშნავს მარი წერეთელი.

მედიაგარემო რომ წლების განმავლობაში თანდათან იცვლება, სიახლე არ არის. ამ ცვლილებების მთავარი მიზეზად მეცნიერი ასახელებს ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს, გლობალიზაციის პირობებში შექმნილ ტენდენციებსა და იმ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც  მედიის, კომუნიკაციის შინაარსსა და ხასიათზე აისახება. მედიის კომერციული ინტერესი ის მთავარი მახასიათებელია, რომელიც თანამედროვე მედიაგარემოზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. მარი წერეთლის თქმით, ღიაობა, ინფორმაციის მძლავრი ნაკადი და თავისუფალი გარემო ის დადებითი ტენდენციებია, რომლებიც თანამედროვე ჟურნალისტიკას ახასიათებს, თუმცა მოვლენების ნაკლებად სიღრმისეული გაშუქება ჟურნალისტიკის შესახებ ტრადიციულ შეხედულებებს მნიშვნელოვნად ცვლის.

„ჟურნალისტიკაზე დრო ძალზე დიდ გავლენას ახდენს. ერთი მხრივ, მედია ასახავს დროს სარკისებური ეფექტით და მეორე მხრივ, მას თავად ატყვია  ,,დროის ნიშანი“ .  დღეს მედია რომ უდიდეს საქმეს აკეთებს, ეს ფაქტია და უნდა დავინახოთ კიდეც. თუმცა, ხშირად გვესმის კრიტიკა საზოგადოების მხრიდან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საზოგადოება მედიისგან მოელის იმ ღირებულებებს, რომლებიც ამ პროფესიისათვის  მთავარია - უტყუარობა, ფაქტის სიზუსტე, სწორად და პატიოსნად წარმოჩენა, მეტი ანალიზი, უკეთესი ხარისხის მედიატექსტები და სხვ.  ფაქტია, რომ   შეიმჩნევა მედიაში ამბების გამარტივებულად  წარმოჩენის ტენდენცია თემის ზედაპირულად ასახვა,  ფაქტებით მანიპულაცია და ინსინუაცია. ცალკე საუბრის თემაა ე.წ პოსტსიმართლის პერიოდის მახასიათებელი, როცა ფაქტზე მეტად,  ფაქტის სასურველად აღქმა ფასობს, ფეიკნიუსი, და მრავალი სხვა პრობლემა. 

მედიის მუშაობის ტემპი და რიტმი დღეს მაღალია. ქართული მედია თავისუფალი და პლურალისტულია, პოზიტიური სიახლეებითაც ხასიათდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული უკიდურესი პოლიტიკური რადიკალიზაცია და სინამდვილის კონტრასტული ასახვა,  არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. მედიის კომერციული ინტერესები მის კონტენტზე ხშირად ნეგატიურად აისახება, ეს თითქოს შეუქცევადი ტენდენციაა, თუმცა ამის პარალელურად აუცილებელია კონცეპტუალურ პრინციპებზე დაყრდნობილმა მედიაკრიტიკამ იარსებოს და შეამჩნიოს მედიის  ყოველგვარი ნაკლი,“ - აღნიშნავს მარი წერეთელი.

მთელ ამ მედიალაბირინთში სწორად გზის გაკვლევის მთავარ საშუალებად მედიაწიგნიერებასა და მედიაგანათლებას მიიჩნევს. მისი თქმით, ჟურნალისტის ყველა პროფესიულ მახასიათებელს იტევს - უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  მიმართულება ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას ზრდის, მთავარია, ისინი მოხვდნენ ისეთ გარემოში, სადაც საკუთარი უნარების სწორად რეალიზებას შეძლებენ. დასასრულს კი ჟურნალისტიკით გატაცებულ სტუდენტებს ეტყოდა: 

„მთავარია, მაღალი თამასიდან შეხედოთ ჟურნალისტურ საქმიანობას, დაიცვათ პროფესიული პრინციპები,  შეძლოთ მათი განხორციელება და გახდეთ პროფესიონალები. ამ ყოველივეს კი ამ საქმის სიყვარული,  მისდამი პასუხისმგებლური დამოკიდებულება განაპირობებს...“ 

თარიღი: 21/03/2021